English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ანა გუჩუა
პოსტ-პანდემიური ტურიზმის გეოეკონომიკური უპირატესობები (საქართველოს მაგალითზე)

ვრცელი რეზიუმე

გლობალური ეკონომიკური პროცესების განვითარების შედეგად გეოეკონომიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მეცნიერების სისტემაში. გეოეკონომიკის თანამედროვე, ძირითად ტენდენციებს შორის მოიაზრება ტურისტული სივრცე, ტურისტების ნაკადები, ასევე მსოფლიოს დაყოფა ტურისტების მიმღებ (ხელსაყრელი კლიმატისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე) და ტურისტთა ნაკადის უზრუნველმყოფ ქვეყნებად. თუმცა, თანამედროვე გეოეკონომიკის ჭრილში, ტურიზმს (მათ შორის საერთაშორისო ტურიზმს) შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ტურიზმი თანამედროვე პრობლემური გეოეკონომიკის კვლევის მიღმაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, რეგიონული განვითარების ფაქტორი და XX-XXI საუკუნის ქვეყნების ყველაზე დინამიური სოციალურ-ეკონომიკური ფენომენი, ურბანიზაციასთან, ინდუსტრიალიზაციასთან და საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად.

ტურიზმის გეოეკონომიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სივრცითი და ეკონომიკური ურთიერთობების მეცნიერება, რომლის მიზანს წარმოადგენს წარმატებული კონკურენცია ტურისტული პროდუქტების მომხმარებლებისათვის, ტურიზმიდან მაქსიმალური მოგების მისაღებად. კონკრეტული ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება კი დამოკიდებულია მის ჩართულობაზე გლობალურ ტურისტულ, ინვესტიციებისა და ინოვაციების ნაკადებში, ანუ ქვეყნის გეოეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ტურიზმის სფეროში გეოეკონომიკური თემების შესახებ კვლევის სიმწირე ზღუდავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ტურიზმის განვითარებაზე გავლენის მქონე ძირითადი ფაქტორების ადეკვატურ შეფასებას. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, რაც საშუალებას იძლევა ინტენსიურად გაიზარდოს ტურისტთა ნაკადი. 

წარმოდგენილი სტატიის მიზანია შეაფასოს საქართველოს, როგორც ტურისტული ადგილის გეოეკონომიკური პოზიცია და განიხილოს მომავალი ტურისტული პოლიტიკის შესაძლებლობები, მათ შორის 2020 წლის პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის უპრეცედენტო კრიზისის გავლენა დიდია მსოფლიო ეკონომიკაში და მათ შორის განსაკუთრებით ტურიზმის ეკონომიკაში, ამ სექტორის უშუალო და უზარმაზარი შოკის გათვალისწინებით.  ნაშრომში ასევე გაანალიზებულია იმ მიმართულებების ხელშეწყობის აუცილებლობა, რაც გამოიკვეთა ზემოაღნიშნული გარემოების შედეგად.

გეოეკონომიკური მიდგომა საშუალებას იძლევა ტურიზმის ბაზარს შევხედოთ, როგორც სივრცით იერარქიულ სისტემას, რომელშიც თითოეულ ქვეყანას აქვს გარკვეული ადგილი. ტურიზმის სექტორის შეფასებაში ქვეყნის გეოეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას იმისათვის, რომ მოხდეს სექტორის სრულყოფილი და კომპლექსური ანალიზი, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ამ სფეროში სწორი პოლიტიკის გატარების საკითხებში. აღნიშნული კუთხით, საქართველოს გააჩნია უნიკალური გეოეკონომიკური პოტენციალი, რომლის გამოყენებაც შესაბამისი ზომების გატარებას და არსებული რესურსების სათანადოდ გამოყენებას მოითხოვს.

2020 წლის პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს პოტენციალის გაანალიზებისას და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვისათვის ტურიზმთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი ახალი მიმართულებების ხელშეწყობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ტრადიციული დარგების წინ წამოწევა და აღდგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავებას. თუმცა, ამასთან ერთად, ქვეყნის გეოეკონომიკური პოტენციალი, მისი სწორი შეფასება/გამოყენება ტურიზმის სექტორისთვის წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობებს და ტურიზმის ამოქმედების რეალურ ხელშემწყობ ფაქტორს. ამდენად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს ანტიკრიზისული გეგმის სწორად დასახვა და მისი შესაბამისი რეალიზება. ნაბიჯები რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას მიმართული უნდა იყოს კრიზისის ნეგატიური შედეგების დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე.